საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი 5:0 დაამარცხა

23 თებერვალი 2023, 19:04 466 ნახვა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ერევანში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, 34-ე წუთზე უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.

სალომე ხუბულურის გუნდმა მეორე ტაიმში სომხეთის ნაკრების კარის აღება კიდევ სამჯერ მოახერხა. 47-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო მატჩშის საბოლოო ანგარიში 5:0 თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.

საქართველოს და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება.

სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში