გალიფ ოზთურქის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

27 თებერვალი 2023, 11:30 664 ნახვა

რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი  რა განაჩენს გამოუტანს  თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს  მოსამართლე ლევან ყოლბაია.   ცხრათვიანი პატიმრობის ვადა ხვალ იწურება. გალიფ ოზთურქი სამართალდამცავებმა  გასული წლის 31 მაისს დააკავეს.

დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს, საქმის მთავარ პროკურორს  კი მოლოდინი აქვს, რომ  ბრალდებული გამტყუნდება.  საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე  ბიზნესმენი სხდომებს მხოლოდ რამდენჯერმე დაესწრო, მიზეზად ის   ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. 

წარდგენილ ბრალში  ოზთურქი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის გარდა, გალიფ ოზთურქს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ამ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა აპრილში  გაიმართება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში