არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს - შალვა პაპუაშვილი

28 თებერვალი 2023, 16:35 522 ნახვა

ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ ახლა გაიხსნა და საშიში სიგნალია, რომ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს.

„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში...

დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში