ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

13 მარტი 2023, 10:13 612 ნახვა

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი – ეს არის შეუქცევადი დანაკარგები რუსეთისთვის, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, მინიმუმ 1500 მტრის სანიტარული დანაკარგი – ესაა ზარალი, რომელიც შეუთავსებელია ბრძოლის გაგრძელებასთან. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა. პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი. ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების მისამართით 18-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, 12 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონეცკის ოლქში, სლავიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ოთხი საჰაერო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 20-ჯერ გახსნა ცეცხლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია 239 რუსი სამხედრო.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის  ძალებმა, ხუთი მიმართულებით, რუსი სამხედროების 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტიორსკის რაიონებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში