თეიმურაზ ვარშანიძე წააქციეს, მას ურტყამდნენ თავად კომპანიაში დასაქმებულები, ვითხოვთ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს - ადვოკატი

05 ივნისი 2023, 13:48 1811 ნახვა

გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას არის სიცრუე და გამოგონილი - ამის შესახებ რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატმა განაცხადა.

ლევან მახარაშვილის თქმით, კომპანიაში დასაქმებულია სულ 34 ადამიანი და მათგან მხოლოდ ორია რუსეთის მოქალაქე.  კონფლიქტის მიზეზი კი ე.წ ჩაის განაწილება გახდა.

ადვოკატის განცხადებით, თეიმურაზ ვარშანიძე წააქციეს და მას  ურტყამდნენ თავად კომპანიაში დასაქმებულები, ისინი ითხოვენ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

"აღნიშნული პირები კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 6-7 წელია და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.  კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც უტოვებენ მიმტანებს მომხმარებლები და რომლის გადანაწილებაში ადმინისტრაცია არ ერევა. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ სტაჟიორს ამ ჩაიდან გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც დგინდება მოწმეთა ჩვენებებით. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. ამას ადასტურებს არაერთი მოწმე.

 

რაც შეეხება ბრალდებულს, მან განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიაში დადგენილი წესი, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. აღნიშნულის შემდეგ მან სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი მიმტანი რა დროსაც თვითონ თემური წააქციეს და მას  ურტყამდნენ თავად კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გუშინ იქნა ამოღებული გამოძიების მიერ და გადაეცა გამოძიებას. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. ჩვენ დავამტკიცებთ სასამართლოში, რომ ბრალდებულის მხრიდან დანაშაული არ მომხდარა"-განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თავად რესტორნის მეპატრონის მხრიდან ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი, ადვოკატი პასუხობს, რომ არსებობს კადრები, რომელიც ჯერ არავის  უნახავს.

"გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ თემური აძევებს თანამშრომელს დარბაზიდან, მათ შორის ხელით უბიძგებს, რომ დატოვოს შენობა. ამის შემდეგ არის კადრები, რომელიც მაყურებელს და არც ჟურნალისტებს არ  გინახავთ, სადაც ჩანს რომ ჯერ ურტყამენ თემურს, შემდეგ ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი. ქალების კივილი და შეძახილები რაც ისმის პირველ ვიდეოში ზუსტად დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ თემურს ურტყამენ, რაც არ ჩანს ამ ვიდეოში"- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ვალდებულია ინცინდენტში მონაწილე ყველა ბრალდებული გამოავლინოს.

"თუ წლების განმავლობაში რაღაც ფაქტი ხდება, სადმე მაინც უნდა იყოს ერთი პრეტენზია დაფიქსირებული. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელბი წლებია მუშაობენ და მათი მხრიდან მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ესეც რომ არ იყოს, არც ერთ თანამშრომელს კანონმდებელი არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ ფიზიკურად გაუსწორდეს და სცემოს კომპანიის დამფუძნებელს.

მას აქვს ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება. გუშინ მას დაკავების იზოლატორიდან ემერჯენსით გადაყვანა დასჭირდა. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, წარვადგინეთ მტკიცებულებები და გამოძიება ვალდებულია  გამოავლინოს ამ ინცინდენტში მონაწილე ყველა ბრალდებული" - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პროტესტის ნიშნად, რესტორანი თხუთმეტმა დასაქმებულმა უკვე დატოვა. როგორც ცნობილია, ისინი დღეს აპირებენ საგანგებო ბრიფინგის გამართვასაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში