საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია

11 სექტემბერი 2023, 14:18 506 ნახვა

ბათუმი საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია  ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრმა  ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაუსვა ხაზი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში  შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმობა.

კონსულარიუმის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ პრეზენტაციას. კერძოდ, საპატიო კონსულები გაეცნობიან აჭარის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს. 

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას აჭარის, როგორც ოთხსეზონიანი კურორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.  

ყურადღება გამახვილდება საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, სანაოსნო შესაძლებლობებსა და  ბათუმის საზღვაო პორტის განვითარების პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპატიო კონსულები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბათუმის, როგორც საუკეთესო ტურისტული მიმართულების პოტენციალს გაეცნობიან.

საპატიო კონსულების პირველი კონფერენცია გასულ წელს გაიმართა. დღეისათვის საქართველოს 65 ქვეყანაში 90 საპატიო კონსული ჰყავს. წელს  საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა,  კერძოდ, საპატიო კონსულები დაინიშნნენ პოლონეთში, აშშ-სა და ხორვატიაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში