როგორ ხვდება რეგიონი ახალ სასწავლო წელს - აჭარის განათლების მინისტრის განმარტება

14 სექტემბერი 2023, 11:25 474 ნახვა

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, რეგიონი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება.

მინისტრის განმარტებით, წელს ბათუმს მე-15 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი შეემატა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლას.

მინისტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს 10 ათასი ერთეული ახალი მერხები გადაეცემა, 120 ზე მეტი სასკოლო ოთახი  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა და მოეწყო სკოლებში საბიბლიოთეკო სივრცეები.  ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აჭარაში სკოლების  მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 33 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"მნიშვნელოვანი სიახლეებით ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. ეს ეხება, როგორც ინფრასტრუქტურას ასევე პედაგოგიური პერსონალის გამრავალფეროვნებას. ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრი მოვიზიდეთ საჯარო სკოლებში. ასევე მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებიც ხორციელდებოდა მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ახალ სასწავლო წელს შეემატება,  როგორც ახალრეაბილიტირებული, სრულად რეაბილიტირებული და ასევე ნაწილობრივ რეაბილიტირებული და ახალაშენებული კორპუსები. ბათუმის შემთხვევაში, ეს არის  მე-15 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი. მე-15 სკოლის შემთხვევაში დამატებით კიდევ იგეგმება ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ბათუმი ამ მიმართულებით არის გამოწვევის წინაშე, ჩვენ ვცდილობთ, ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი კორპუსი დავახვედროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ საგანმანათლებლო სივრცის დეფიციტი აღმოიფხვრას.

ანალოგიურად გრძელდება პროცესები სხვა მუნიციპალიტეტებში, წელს მთლიანობაში 33 მილიონი ლარი არის გამოყოფილი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამისთვის და შემდგომ სამ წელში ვგეგმავთ, რომ სრულად დავფაროთ ჩვენი საჯარო სკოლები, ამისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. ქობულეთში სრულად რეაბილიტირებულია მე-5 საჯარო სკოლა, რომელიც წელს გაიხსნება.

სიახლეა ისიც, რომ პანდემიის პერიოდში შეიქმნა გარკვეული პრობლემები მერხებთან დაკავშირებით და წელს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით 10 ათასი ერთეული მერხი იქნება მიწოდებული საჯარო სკოლებისთვის.

გვაქვს სკოლები, რომლებიც სამშენებლო სარეაბილიტაციო პროცესი ხელშეკრულების ვადებით მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე მათი დასრულება ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, ყველა ასეთ შემთხვევაში მოძებნილია ალტერნატიული სასწავლო ფართი და სამინისტრო უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეში. რეგიონში სულ ასეთი არის 10 სკოლა, სადაც ალტერნატიულ ფართში გვიწევს სწავლის განახლება.

მოგეხსენებათ, ბათუმის მე-7 სკოლას შეექმნა კონსტრუქციული პრობლემები, რის გამოც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სწავლის შეჩერების, მოსწავლეები გადაყვანილია ალტერნატიულ სივრცეში, სამინისტროს მიერ მოხდა, ამ სივრცის იჯარით აღება, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა", - აცხადებს მაია ხაჯიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში