გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკაში, თქვენი ევროკავშირთან დაახლოება ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გაცილებით მარტივი - ვიქტორ ორბანი

12 ოქტომბერი 2023, 15:48 413 ნახვა

მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინანდალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პრემიერს მოწვევისთვის. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. აქ ყოფნის მიზეზი, პირველ რიგში, იყო, რომ დაფასება და პატივისცემა გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია, ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცით ეს, რა ბრძოლაა, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თვის რწმენას არ თმობდნენ. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბრწყინვალე განვითარებას, რომელიც განახორციელეთ ქვეყანაში. ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც არის ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკაში, რასაც ინარჩუნებთ რამდენიმე წელია. თქვენი ევროკავშირთან დაახლოება ამ თვალსაზრისით უნდა იყოს გაცილებით მარტივი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს.

" რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებულები ვართ, იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა ორბანმა.

ორბანის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

„ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს ყოფილა ისე უარესი ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც დღეს არის. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე ვიხილავდით ძალიან მნიშვნელოვან, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნის, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში