ცვლილებები იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული - შალვა პაპუაშვილი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე

28 მარტი 2024, 11:40 349 ნახვა

ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილების და კონსტიტუციური კანონის სახით, იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული. ის, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდეგ უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ აშკარაა და არის ძალიან მშვიდი განხილვა.

"საზოგადოება რასაც დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი. არგუმენტები მარტივია. ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე ჩანს, რომ მსოფლიოში არის ტრენდი, რაც საქართველოში ნელ-ნელა ინაცვლებს, მნიშვნელოვანია, დროულად ჩამოვყალიბდეთ, რა არის საზოგადოების პოზიცია, რა არის ის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა არსებობდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იმ დონემდეა მისული, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და განცხადებები. აბსურდამდეა მისული ლამის ეს დისკუსიები. საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენთან ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს, საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს ხალხს და უზრუნველყოს მათი ინტერესების გატარებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა „ვეტინგის" სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ვხედავთ, რომ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ არის ორკესტრირებული კამპანია. მას შემდეგ, რაც ვეტინგთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, როგორც პარლამენტის, ისე პრემიერ-მინისტრის, ისე ქართველი მოსამართლეების მხრიდან - ხელისუფლების სამივე შტომ განაცხადა, რომ ვეტინგთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე ოპოზიციასთან, შარშანაც იყო რამდენიმე კონფერენცია, ახლაც გვქონდა ბოლოს, 9 პუნქტთან დაკავშირებით, ამ მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს. არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები, რომელიც ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ ვეტინგი საჭირო არ არის.

 

მეორე, ვეტინგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. აქ [ქართულ მართლმსაჯულებაში] პოლონელი, ჰოლანდიელი, ლიტველი ექსპერტების ჩართვას არავინ აპირებს. ეს არის მიუღებელი. მიუხედავად ამისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა და საკითხი დახურულია, ვხედავთ კამპანიას, მათ შორის სოციალურ ქსელში „ენჯეოების“ მიერ დასპონსორებულ კამპანიას, ამაში იხარჯება უცხოური ფული, რომ კვლავ წამოწიონ საკითხი, რომ საქართველოში მოსამართლეები დანიშნონ უცხოელებმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის დამნაშავე.

"სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და ამ საქმესთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე; დადასტურდა, რომ იყო მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა რამენაირად არეულიყო, ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი. ვნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომლებიც, ორივე, უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, მათი დღის წესრიგი რა არის, ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისინი თავს ესხმიან იმ კურსს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. ჯერ კიდევ ეს არის ჟურნალი, კინო წინ არის, ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში