ოპონენტებისგან გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ მიგვიღია, რატომ არის რუსული ან ცუდი, ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს, საზოგადოებას - მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 22:40 211 ნახვა

შევეცადე, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთელი დღის საერთო ამბავი არის ის, რომ არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე, რა არის რუსული ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია. ყველა ლაპარაკობდა ზოგადად, პარტნიორები გეუბნებიანო. უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალური არგუმენტისა, რატომ არის კანონი ცუდი, რომელი მუხლი, რომელი პუნქტი, არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. შევეცადე, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და საზოგადოებისათვის სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა. ვნახეთ დაგეგმილი, შეკვეთილი პროვოკაციაც, ვნახეთ ქურდული მიპარვაც და რაღაც ხელების ქნევა. ეს სიბინძურეები ვიხილეთ, მაგრამ მთავარია, მაქსიმალურად შევეცადეთ, საზოგადოებას, რომელიც რეალურად იყო დაინტერესებული, გაეგო ამბავი, ეს კანონი მართლაც რუსული ხომ არ არის.

მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ჩვენს ოპონენტს, „ენჯეოს“ ყველა წარმომადგენელს ვეხვეწებოდი, რომ ერთი არგუმენტი ეთქვათ, რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ქარდების დონეზეც ჩავედით ახლა და აბსოლუტურად ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით ჩემი განმარტებები გავაკეთე, არცერთ მათგანზე საპირისპირო არგუმენტი არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს, ატყუებენ საზოგადოებას და ცდილობენ, საზოგადოების მღელვარება გამოიყენონ ხელოვნურად, რეალურად, საუკუნის აფერით, რა საუკუნის აფერასაც შარშანაც და წელსაც ჰქვია – „რუსული კანონი“. სინამდვილეში, ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მათი ბრძოლა შავი ფულისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში