2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი 2024, 13:02 304 ნახვა

2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

"ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2023 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კოორდინირებულად განხორციელებული პროაქტიული ქმედებების შედეგად, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 72.7% დაიმსახურა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია.

2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა კორუფციულ დანაშაულებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად გადამზადებული ექსპერტების ჩართულობით, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხებზე თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, გადამზადდა 80-მდე საჯარო მოხელე“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში