გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით - პრემიერი

31 ოქტომბერი 2025, 15:14 153 ნახვა

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცანით ასოციაციის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს განათლების კონცეფციის შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განათლების კონცეფციის შვიდივე პუნქტი.

„გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი. შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით, გადავანაწილოთ კვოტები დისიპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე