ქვეშეთი-კობის პროექტი აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს, სოფლებსა და დაბებს შორის - პრემიერი

23 აპრილი 2024, 15:53 242 ნახვა

დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება, ითქვას – დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.

„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ. ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. დღეს თუ ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,”- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.

„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და, ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში