ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ვიცავთ ქვეყანას, არ ვემსახურებით არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ვემსახურებით საქართველოს - ირაკლი ღარიბაშვილი

29 აპრილი 2024, 21:36 247 ნახვა

რასაკვირველია ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ასე ხდება დღესაც ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში. ეს ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებს ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად. დღეს ეს ძალები ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას. მათ სურთ დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდით, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ და დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა. სწორედ ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური ფასეულობებია.

რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ამიტომ, დღეს არჩევანი მკაფიოა – ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს, კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. დაე, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში