ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება - ავიაციის სააგენტო

22 მაისი 2024, 10:37 296 ნახვა

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

"იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან - 17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა - თბილისი - ვენას საჰაერო ხაზზე. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

2024 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე"- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი