გადავამოწმეთ და არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 14:45 281 ნახვა

ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე, არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდებიან თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების შემდეგ, ევროპულ სანქციებს.

"აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ასე არ შეიძლება, ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია, ყველაფერი გაკეთდეს მომავალში პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში რეალურად პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს, ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა მოქმედი ეოლჩის მიმართ, რომლის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე, ყოფილმა ელჩმა იმდენი რამე გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ, პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა სავიზო შეზღუდვებს არ აქვს.

„გახსოვთ, თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არავითარი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა, რა თქმა უნდა. როდესაც სავიზო შეზღუდვას აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე, ეს შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში