2011 წელს თეთრიწყაროში, დროებითი მოთავსების საკანში ბორკილებდადებულს მცემდნენ, მაწამებდნენ, გათავისუფლების შემდეგ ისე ვიყავი, სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში - გოჩა კაკოიშვილი

05 მაისი 2025, 14:27 123 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული, პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.

როგორც გოჩა კაკოიშვილმა აღნიშნა, დროებითი მოთავსების საკანში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შეძლო.

„მომისაჯეს პატიმრობა. წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში, „კაპეზეზე“. გათავისუფლების შემდეგ ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, სკამზე დამსვეს მეგობრებმა და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისე ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის განმავლობაში მეუღლე მეხმარებოდა, აბაზანაში დამჯდარს რომ დამებანა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის კითხვაზე საპასუხოდ, გოჩა კაკოიშვილმა დააზუსტა, რომ წამების ფაქტები ხდებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების საკანში.

„იქ შიმშილობაც გამოვაცხადე და ვიდრე მიპოვიდნენ, სოზარ სუბარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, შემეწყვიტა შიმშილობა, ვინაიდან ეს ძალიან დამაზიანებდა და აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის, რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდეც, იშიმშილოს, არა უშავს, თუ მოკვდება, ოქმი შეადგინეთო. რკინაზე მეძინა, არანაირი საშუალება არ იყო, რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ და მხოლოდ შემოსული, ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ. ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსული და ახორციელებდნენ ჩემს ცემას, წამებას დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებდადებულისას. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და შესაძლებლობა მქონდა და ამიტომ ხდებოდა ჩემი დაბმა, რათა მათთვის მარტივი ყოფილიყო, განეხორციელებინათ ის, რისი დავალებაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ძალიან დასუსტებული ვიყავი. საკანში ვიყავი მარტო.

 

საკანი ნორმალური სიდიდის იყო, მოძრაობა შეიძლებოდა, მაგრამ ჩემ გვერდით იყო გარემონტებული საკნები, სადაც კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც საჭმლის, წყლის მოწოდება არ ხდებოდა. ორ, სამ დღეში მომაწვდიდნენ ნახევარ პურს და ძეხვს, ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა, დააფურთხეს ზედ და ისე მომაწოდეს. ეს გააკეთეს იმათ, ვინც ესწრებოდა და ახორციელებდა ჩემს ცემას, წამებას. იმ დროს ხდებოდა საჭმლის შემოწოდება, იმათ თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები, რომლებიც მუშაობდნენ პოლიციაში, ინფორმაცია რომ არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან, სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. ასეთი დასუსტებული როდესაც ვიყავი, „პრაგულკის“ დროს ერთმა პატიმარმა, სვანის ბიჭი იყო, თვისი საჭმელი შემომიგდო „ფორთოჩკაში“. მათ ყველაფერი იცოდნენ, რაც მემართებოდა. ამის გამო ოთხი თვე დაუმატეს პატიმრობა. შემომაწოდა პურის ნაჭერი, „პეჩენია“ და ასეთი რაღაცები. ამისთვის დასაჯეს, ერთ კვირაში უნდა გასულიყო და ოთხი თვით დაუმატეს პატიმრობა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს კადრები რა მდგომარეობაში იყო ცემის შემდგომ. 

„შეიძლება ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ რაღაცას ვიგონებ. ეს ყველაფერი ჩემი წამება, ცემა, როგორი ვიყავი ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს. ნებისმიერს შეუძლია, "გუგლში" იძებნება თავისთავად, ნახონ თუ როგორ მდგომარეობაში ვარ. მარტო თავზე ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ეს ყველაფერი თვითონ ტელევიზიამ გადაიღო. თქვენ გახსოვთ ჩემ სანახავ იყავით მოსული ბატონო სოზარ და იქ იყვნენ ჟურნალისტები და თქვენი სიტყვები მახსოვს, რაო რაზე გამოგაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გაინტერესებს სიმართლე არის თუ არაო? ნახე როგორ მდგომარეობაში არისო კაკოიშვილიო. არცერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა, მარტო „მაესტრომ“ გააშუქა მეტმა არავინ. იმიტომ, რომ იცოდნენ რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ბატონი სოზარისა და ჩემი მეგობრების, ტერაშვილის და ბევრი სხვების დამსახურებაა, რომ ჩემი შვილები ჩემ საფლავზე არ გაიზარდნენ“, - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში