მოითხოვდნენ ტერორისტულ აქტში ადამიანების დადანაშაულებაში დახმარებას, რასაც მაიძულებდნენ ცემით, მცემდნენ ხელებშეკრულს, ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას - ლაშა არქანია

05 მაისი 2025, 17:02 60 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.

ლაშა არქანიამ ჯვარის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.

ლაშა არქანიას განმარტებით, მის მიმართ ძალადობა დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან და ამის შემდგომ გაგრძელდება ჯვარისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მოხდა მისი გატაცება.

ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.

„ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიცილებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემზე დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის  ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულება იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, იყო ერთ-ერთი მოტივი, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.

ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი, თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან უძლური ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და რამდენდაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა.

მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომლის ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში