„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზის) საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.
ამ საქმეს იხილავდა მოსამართლე, რომელმაც წლების წინ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის მოთხოვნა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. სწორედ ამიტომ, მან შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს აცილების მოთხოვნით, რაც უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სასამართლომ ამჯერადაც უარი თქვა მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საფუძველია.
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ამ ეტაპზე იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც თემურ ქათამაძეს უფლებას მისცემდა კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოში და არ მომხდარიყო მისი გაძევება.
გაძევების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღესვე, 30 აპრილს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 10 დღიანი ვადა განესაზღვრა. თემურ ქათამაძე დღეს მიმართავს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებამდე, ამ აქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს და ამდენად, უნდა შეჩერდეს გაძევების პროცედურებიც. ამასთან, თემურ ქათამაძეს აქვს მიმდინარე დავა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რომელიც ეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს და რომელზეც ამ დროისთვის სასამართლოს არ დაუწყია საქმის განხილვა.
აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძე 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. მის გაძევებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის აქტიურ და საჯარო პროტესტთან. გაძევების პროცედურების დაწყებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი მიმდინარე წლის 11 და 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.
თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია. სასამართლოს მხრიდან მოწმეთა დაკითხვის გაუმართლებელი უარყოფა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, სასამართლოს საბოლოო დასაბუთებული დასკვნის გარეშე, თემურ ქათამაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეპრესიაზე მეტყველებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.