ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება - ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი - Euronews

17 მაისი 2025, 10:05 126 ნახვა

„ევრონიუსი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-6 სამიტში მონაწილეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ სამიტზე ირაკლი კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანამდე არსებული დაძაბულ ურთიერთობებში პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ირაკლი კობახიძე ჩაერთო ევროპელ ლიდერებთან პირდაპირ დისკუსიებში, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გულთბილი ურთიერთობები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს, მას შემდეგ რაც გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მონაწილეობამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-6 სამიტში აღნიშნული დაძაბული ურთიერთობების დათბობა დაადასტურა პარასკევს ქ. ტირანაში, მას შემდეგ რაც საქართველომ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერეს.

სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ გულთბილი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო და ევროკავშირი ახალ ეტაპზე გადადიან და წარსულის უთანხმოებების ფურცელს კეცავენ.

კობახიძემ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ეს მომენტი ასე შეაფასა: „იყო კომუნიკაციის შეზღუდვის პერიოდი [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] და როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან კავშირის აღდგენით.“

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დათბობა განპირობებულია საქართველოს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლით ევროპისათვის“, და იქვე დასძინა „ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და სწორედ, ამიტომ მოდის ამდენი ინიციატივა ევროპელი ლიდერების მხრიდან.“

„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია, და სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა დიალოგზე საქართველოს ხელისუფლებასთან,“ — განაცხადა მან.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა, თუმცა 2024 წლის ივნისში წევრობაზე მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა და ფინანსური დახმარება შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელსაც ევროკავშირი რუსულ შთაგონებას და ავტორიტარულ მიდგომებს უკავშირებდა. კანონის ფონზე ქ. თბილისში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები მიმდინარეობდა.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსები „შანტაჟსა და მანიპულაციებს“ მიმართავდნენ.

ნოემბერში Euronews-თან ინტერვიუში კობახიძემ აღნიშნა, რომ „ბურთი ბრიუსელის მხარეს“ იყო, თუმცა ის კვლავ „ძალიან ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი საქართველოს მიერ, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე 2030 წლამდე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

კობახიძე ნოემბერში ხელახლა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება, თუმცა მისმა გამარჯვებამ საპარლამენტო არჩევნებში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ოპოზიციურმა ძალებმა — მათ შორის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა — არჩევნების შედეგებს „სრული ფალსიფიკაცია“ უწოდეს. ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც არჩევნების შედეგები დაგმო და ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ მოითხოვა.

ამ ფონზე, პარასკევს კობახიძემ განაცხადა, რომ მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი შეარჩია „როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც განხილვის ძირითადი თემა იქნება ჩვენს ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული გზავნილები.“

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ქ. ტირანაში თითქმის 40 ქვეყნის — როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოების — ლიდერებს აერთიანებს.

„მზად ვარ, ვისაუბრო ყველასთან — ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ბევრ ლიდერთან განვიხილოთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, რეგიონალურ სტაბილურობასთან და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან,“ — აღნიშნა კობახიძემ სამიტის მონაწილე ლიდერებისადმი მიმართვაში.

სამიტი უკვე იწყებოდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კობახიძეს მიუახლოვდა და მათ შორის შედგა მოკლე, თუმცა, როგორც ჩანს, გულთბილი საუბარი — რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტონის სიმბოლურ ცვლილებად შეფასდა.

სამიტის ვიდეო ჩანაწერში ასევე ჩანს, როგორ ესაუბრება კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მთავრობის მხარდამჭერია.

კობახიძემ ეს პოლიტიკური განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს „სტრატეგიული მდებარეობით“ ახსნა.

„წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, და მომავალშიც ამ სულისკვეთებით მოქმედების ერთგულნი ვრჩებით,“ — განუცხადა კობახიძემ ალბანეთში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას — აზერბაიჯანს და სომხეთს — ევროპასთან. გარდა ამისა, საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს რეგიონალურ კავშირებს,“ — განაცხადა კობახიძემ.

„მჯერა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და ევროკავშირისთვისაც, რადგან ის აძლიერებს კავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონს შორის,“ — დასძინა ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა", - ვკითხულობთ „ევრონიუსის“ სტატიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი