კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა - აცხადებს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო. წინასწარი მონაცემებით, ყველა დაღუპული შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე მრავალსართულიან სახლში იმყოფებოდა. დაშავებულია 19 ადამიანი.
ხუთსართულიანი შენობის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად დანგრეულია. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
აფეთქების ტალღამ ასევე დააზიანა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე 25-სართულიანი შენობა. უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მეტროსადგური, სასტუმრო, ავტომობილები და სხვა ობიექტები.
დაბომბვის შედეგად დაზარალდა ასევე კიევის პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.