ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, ან რომელიღაც ბენეფიციარის უფლებების დაცვას, როგორ ხდება, როცა მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები, როგორებიცაა ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაშვილის თქმით, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„რა თქმა უნდა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია განცხადება, რომ ვიღაც ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება, არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაანადგურებს საქმის მასალებს, არ ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებასთან. კანონს აქვს თავისი რეგულაციები. ჩვენ ამ რეგულაციის ფარგლებში გამოვავლენთ ყველა ფაქტს, რაც უკავშირდება ამ ორგანიზაციების საქმიანობას. ვპირდები როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე საზოგადოებას, რომ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი. ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი. მაგალითად, ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, ან რომელიღაც ბენეფიციარის უფლებების დაცვას და მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებული, ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, როგორ ხდება, როცა მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები, როგორებიცაა ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები. ეს არის რამდენიმე ათასობით და ათიათასობით ლარის ღირებულების. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ ვალდებული ვართ, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას. რაც შეეხება კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს, ჩვენ დავიცავთ ამ ორგანიზაციებს. არავის მივცემთ საშუალებას, შეფარულად, ამ ორგანიზაციებზე ამოფარებულად აკეთონ ფარული საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკას, სხვა არაგაცხადებულ საქმიანობას“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.