საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობას აზიანებს - მაია ბითაძე

03 ივლისი 2025, 18:25 146 ნახვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს.

„მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის - უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება. ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“,  - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზირებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.

„საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობასა და არსს აზიანებს. ასეთი განცხადებები ასახავს იმ რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, - განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, ბოლო დროს, საქართველოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ისმის იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც დასავლური ქვეყნები თავად იყენებენ საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად.

„რაც ბრიტანეთში, შვედეთსა და კანადაში მიჩნეულია დანაშაულად, არ შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ცინიზმია მისი ნამდვილი გამოვლინებით. იგი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლს და ასუსტებს გლობალური პარტნიორების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას. დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, -  განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში