არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს არღვევს საერთაშორისო სამართალს - პაპუაშვილი

10 ივლისი 2025, 12:10 85 ნახვა

ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.

„მინდა, შიგნითაც და გარეთაც ყველას ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიციიდან, ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა განაცხადა, რომ არ იღებენ მონაწილეობას. აქაც ცხადია, რომ მათ შორის აზრი გაყოფილია.

„კოალიციებს რაც შეეხება, რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომლის მიზანი, ამოცანაა, დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია – უცხოეთში, ვისგან იღებს მითითებებს – უცხოეთიდან. ზუსტად ეს არის „ნაცობა“ თავისი არსით. „ნაცობისთვის“ აუცილებელი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, „ნაცობა“ გულისხმობს, იყო მარიონეტი უცხო ძალის. ამ მხრივ, კიდევ ერთი მხილებაა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს.

"ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს და კანდიდატურებს. რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, პირველ ყოვლისა, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს. დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ადამიანი თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ ვერ მიაღებინებს მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი მეშვიდე წელია, ამბობს, პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი. ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით, გაიძახის, პრეზიდენტი ვარო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში