ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ერთად მუშაობით შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა - რობინ დანიგანი

15 ივლისი 2025, 11:51 110 ნახვა

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია, – ამის შესახებ რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

რობინ დანიგანის თქმით, სამუდამოდ იქნება ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი.

„გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემო 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია. ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის საელჩომ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი