სამწუხაროდ, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ თანაპარტიელ საკრებულოს წევრებთან ერთად „მზიურში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, საკრებულოს 378 წევრის სახელით, ჩვენ ვთქვათ – „არა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, მათ შორის, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, დღეს ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ის ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩემთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები. ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ძალიან კარგად ესმით ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, საქართველოს ყველა წერტილში და ყველა რეგიონში. დიახ, ესენი არიან სწორედ ის გაუტეხელი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოიტანა. ხვალ, სწორედ, ეს გუნდი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ, აწევს გამარჯვების დროშას და ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, უკომპრომისობაზე, ბრძოლაზე. სწორედ, ასე – ერთიანობით, პრინციპულობით, უკომპრომისობით ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.