თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ილია II-ს წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, ილიაობას ულოცავენ

02 აგვისტო 2025, 11:38 156 ნახვა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის, წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, ილიაობას ულოცავენ.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხონებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება.

„ღმერთმა ინება, რომ 48 წლის წინ აემაღლებინა თავისი რჩეული, სრულიად ახალგაზრდა მღვდელთმთავარი საქართველოს უძველესი სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საყდარზე, რამაც დიდი სიხარულით და განსაკუთრებული იმედით აღავსო მთელი ქართველი ერი. მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის, ღვთისა და ერის წინაშე დაუცხრომელი მსახურებისა და პირადი თავგანწირვის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხონებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება. მისმა სულიერმა ხედვამ მოიცვა საეკლესიო მოღვაწეობის ყველა მხარე, რაც გულისხმობს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების დაფუძნებას, ეპარქიების გამრავლებას, მათ შორის, უცხოეთშიც, საგამომცემლო საქმიანობის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ძველი ქართული საეკლესიო გალობის განახლებას, საეკლესიო არქიტექტურის, ტიხრული მინანქრისა და, ზოგადად, საეკლესიო ხელოვნების განვითარებას.

 

ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საქმეში. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეპოქა ყველაზე არსებითად ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობითა და ერის სულიერი ამაღლებით. სწორედ პატრიარქ ილია II-ის უდიდესი მოღვაწეობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს წმინდა ეკლესიას დაებრუნებინა ის განსაკუთრებული ავტორიტეტი, რასაც იგი განიკუთვნებდა უძველესი დროიდანვე. დღეს მთელი ქართველი ერი გამთლიანებულია პატრიარქ ილია II-ის პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით. ასევე, უდიდესია მისდამი პატივისცემა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ნათლად წარმოაჩენს მის განუზომელ ღვაწლს არა მხოლოდ ჩვენი ერისა და ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ღმერთმა მიჰმადლოს საქართველოს უწმინდეს პატრიარქს სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერისა“, – ნათქვამია თბილისის სასულიერო აკადემიის მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი