ურეკში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ქვიშის ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელიც 2009-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.
ტურნირში გოგონათა 24 და ვაჟთა 10 წყვილი მონაწილეობდა. გოგონათა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მარიამ ბეჟუაშვილისა და თეკლა ჭეიშვილის ქუთაისურმა წყვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სამტრედიის გუნდი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები „ბოლნისი 1“-მა მოიგო. ვაჟთა შორის გამარჯვებული „ბათუმი 2“ გახდა. ანდრია მათითაიშვილისა და მერაბ კერესელიძის დუეტმა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში თბილისის „პანამბა 2“ დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ვაჟთა შორის „ბათუმი 1“-მა მოიპოვა.
ტურნირი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მისი მიზანი საქართველოში ქვიშის ფრენბურთის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვების ჩართვაა.