კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო - შალვა პაპუაშვილი

24 აგვისტო 2025, 12:28 115 ნახვა

დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1995 წლის 24 აგვისტო იქცა წყალგამყოფ თარიღად, როდესაც, ერთის მხრივ, დასრულდა საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის საუკუნე და დაიწყო, დაიბადა ახალი რესპუბლიკა. შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომი თაობების თავისუფალ ცხოვრებას.

„ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია.

 

ამ დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.

 

კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა - ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა.

 

მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა უპირველესად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.

 

ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი.
30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა.


სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული.

 

საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი