საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილი მანკიერებების მასშტაბი ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ აუცილებელი და დროული იყო.
„როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ეტაპი წარმატებულად დასრულდა. კერძო მიმწოდებლების მომხმარებელთაგან სახელმწიფოს მომართა დამატებით 400-მდე ბენეფიციარმა და ჩაერთნენ პროგრამაში. ამგვარად, საერთო რიცხვი არის დაახლოებით 1800. რეფორმის პროცესმა ცალსახად დაადასტურა, რომ სწორად დაიგეგმა და უკვე წარმატებულია. რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილი მანკიერებების მასშტაბი ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ აუცილებელი და დროული იყო. თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფო დაწესებულებაში გადმოვიდა, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, სასყიდლის ფასი მცირე არ იყო. რვავე ორგანიზაციის, რომელიც ამ სერვისის მრეწველობით იყო დაკავებული, ჯამური წლიური შემოსავალი 30 მილიონ ლარზე მეტი იყო. ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლის მომხმარებელი და ბენეფიციარი. ახლა, როდესაც უფასოდ შეთავაზებული იქნა ნარკოტიკი, ამ შემთხვევაში, სამჯერ შემცირებული დოზის მიღება მოითხოვა. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზა ნარკოტიკი, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია, მარტივად გამოიტანოს დასკვნა. ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც გადმოინაცვლა სახელმწიფო სექტორში და რომელზეც ინფორმაციას ვფლობთ. ვინც არ გადმოერთო, ცხადია, მათ შესახებ ვითარებას არ ვიცნობთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ნარკოტიკის გარეთ გატანის მცდელობები დაფიქსირდა, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვა.
„კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის შეინიშნება ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ეს ნამდვილად არ დამთავრდება კარგად. ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ აქ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ მკურნალობას.სამწუხაროდ, ასევე ფიქსირდება ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მომწოდებელთან რეგისტრაცია. მათთვის პროგრამა არ არის გათვალისწინებული. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ერთი მომხმარებელი რამდენიმე პუნქტში ერთდროულად იღებს ნარკოტიკულ საშუალებას. ამ დროის განმავლობაში მსგავსი პრაქტიკა რომ საგრძნობლად შეიცვალა და მეტად შეიცვლება, ეს სრულფასოვანი, უდავო მტკიცებულებაა, რომ რეფორმა სწორად იყო დაგეგმილი და სწორად განხორციელდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.