დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ამ წუთებში განაჩენს ელოდებიან სასამართლოს შენობის გარეთ შეკრებილები და სხდომათა დარბაზში მყოფი ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები.
როგოც წინა სხდომაზე დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს უთხრეს, ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარემ 9 თვის განმავლობაში ვერ წარადგინა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.