ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს

58 წუთის წინ 107 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე-ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ქრთამს იღებდა.

„ბრალდებულმა, კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს როგორც საჯარო მოხელეებს, ისე მათთან კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ინიციატორ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებისგან. ნებისმიერ ასეთ ფაქტზე სამსახური უზრუნველყოფს სწრაფ და მკაცრ რეაგირებას“, – ნათქვამია საგამოძიბო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში