„ბორჯომის“ პროექტის სოციალური ეფექტი უმნიშვნელოვანესია, 600-მდე დასაქმებული ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და განვითარების ახალ პერსპექტივას რეგიონისთვის - პრემიერი

12 სექტემბერი 2025, 14:21 98 ნახვა

უმნიშვნელოვანესია „ბორჯომის“ ახალი პროექტის სოციალური ეფექტი – 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბორჯომის“ ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სწორედ მსგავსი ეროვნული წარმოების განვითარებას.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთი ეროვნული წარმოების განვითარებას, რომელიც ქმნის დოვლათს ქვეყნის შიგნით და საქართველოს უმკვიდრებს მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს მასშტაბით. მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელობას, თითოეულ ინვესტორსა და თანამშრომელს ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმის წამოწყებისა და წარმატებით განხორციელებისთვის. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქართული სახელის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების საქმეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დაწყებას. სულ რაღაც ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოების შედეგად, აქ, ყვიბისში, 48 000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ოთხი ულტრათანამედროვე ჩამომსხმელი ხაზის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 750 მილიონი ბოთლია, 2030 წლისთვის კი – მილიარდს მიაღწევს.

 

ამ პროექტისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ბორჯომი“ საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.

„ბორჯომი“ არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, იგი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. აქ, ამ საწარმოში, „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია ხვდება მომავლის ტექნოლოგიებს და წარმოების თანამედროვე ევროპულ კულტურას; ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის.

მისასალმებელია, რომ კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორიცაა „ბორჯომის“ ლიმონათი თუ წყლის ახალი ხაზები. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას – დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი