საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება - პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2025, 15:50 109 ნახვა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან რაც მოვისმინეთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“.

პაპუაშვილის თქმით, ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული.

„ხოშტარია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად, ჩვენ რაც მოვისმინეთ პრესსპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება.

ამის იქით, ყველა ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული თუ ძალადობა, რომელიც წამოვა ამ ჯგუფებისგან, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროკავშირის თუ ბრიუსელის შესაბამისმა ინსტიტუციებმა, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ, რომელიც დღემდე არ ემიჯნება ძალადობას. მათ შორის იმ მოძალადეებს, რომლებსაც თავად აფინანსებს. შეგახსენებთ, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისკენ და რომელიც ქილიკობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. ასეთ ადამიანს აფინანსებს ევროკავშირის საელჩო და საზოგადოებას იმის ღირსადაც არ თვლის, წუხილი მაინც გამოთქვას, ერთი სიტყვა გაგვაგონოს. ეს რამენაირად, არათუ ევროპულ, რაიმე გალაქტიკურ ღირებულებებში მაინც თუ ჯდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ მოუწოდებს და ამას აფინანსებ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. სამწუხაროა, თუმცა ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ მის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი