საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა გამოეხმურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოს 2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდას.
მისი თქმით, რეგიონში 1%-იანი მატება გამორჩეულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შემცირდა აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ეკონომიკური პროგნოზები, მცირედით – 0.3%-ით გაიზარდა თურქეთის მაჩვენებელი, ხოლო სომხეთის პროგნოზი უცვლელი დარჩა.
„EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდა ნათლად უსვამს ხაზს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ პერსპექტივას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის ზრდამ, განათლების სფეროს განვითარებამ და საკრედიტო ექსპანსიამ, რომლებიც მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, EBRD-ი ტრადიციულად ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ, ამიტომაც არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ექნება კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკური წინსვლა, ვიდრე დღეს საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებშია ასახული“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე