ტრეფიკინგთან ბძოლის მიმართულებით საქართველოს წელსაც უმაღლეს შეფასება აქვს

30 სექტემბერი 2025, 10:58 79 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგთან ბძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

"2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია",- აცხადებენ სამინისტროში. 

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე