საუკუნეების განმავლობაში კულტურა იყო ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ეროვნული იდენტობა - პრემიერი

11 ოქტომბერი 2025, 14:03 98 ნახვა

ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და ასეა საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კულტურის მოღვაწეებს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის.

„საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც. საუკუნეების მანძილზე კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ჩვენი იდენტობა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა და შეგვინახა ჩვენი ეროვნული იდენტობა.

ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანთა სია თავისთავად მეტყველებს ჩვენი კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე: რეჟისორები და პოეტები, კომპოზიტორები და მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და ქორეოგრაფები, შემსრულებლები და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის ყველა მკვლევარი – თითოეული თქვენგანი, თქვენი განუმეორებელი ხელწერით, საქართველოს ერთიან, მრავალხმიან კულტურულ პორტრეტს ქმნით.

თქვენი შემოქმედება სცილდება პირადი წარმატების ფარგლებს. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენ აკეთებთ ეროვნულ საქმეს და ამავდროულად, საკაცობრიო ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობებს, მსოფლიოს უყვებით საქართველოს ისტორიას თუ დღევანდელობას, განამტკიცებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში. სახელმწიფო ჯილდო, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ, არის ამ ღვაწლის მხოლოდ მოკრძალებული აღიარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში