საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერი 2025, 18:44 131 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები. 

კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:

ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;

აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.

შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:

სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;

გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;

დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში