ჩრდილოეთ კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

20 ოქტომბერი 2025, 09:19 110 ნახვა

თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური თურქული პარტიის ლიდერმა და კვიპროსის გაერთიანების მტკიცე მხარდამჭერმა, გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ერჰურმანმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა, ხმების 62.76%-ის მოპოვებით. მისმა ოპონენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, ხმების 35.81% მიიღო.

იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორისა და პროევროპელი მემარცხენე პოლიტიკოსის, ერჰურმანის გამარჯვებას ანალიტიკოსები კუნძულისთვის  გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ, რომელიც 1974 წლიდან არის გაყოფილი, როდესაც თურქულმა ჯარებმა ჩრდილოეთ კვიპროსი დაიკავეს ათენში სამხედრო  გადატრიალების მცდელობის საპასუხოდ, რომლის მიზანიც კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანება იყო.

საარჩევნო კამპანიის დროს ერჰურმანი  გაეროს ეგიდით ფედერალურ მოდელზე დაფუძნებული გაერთიანების შესახებ შეჩერებული მოლაპარაკებების განახლების პირობით გამოვიდა. არჩევნების შედეგებმა თურქეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

თურქი ნაციონალისტების ლიდერმა დევლეტ ბაჰჩელიმ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირემ, შედეგები მიუღებლად მიიჩნია. მან მოუწოდა ჩრდილოეთ კვიპროსის პარლამენტს დაუყოვნებლივ შეიკრიბოს, უარყოს ფედერაციაში დაბრუნების იდეა და გადაწყვიტოს თურქეთთან შეერთება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში