როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით - ნათია თურნავა

23 ოქტომბერი 2025, 13:35 131 ნახვა

საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განაცხადა.

თურნავას თქმით, საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი.

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ქართული საბანკო სისტემა მედეგია გლობალური გამოწვევების მიმართ, იგი მაღალკაპიტალიზირებულია, მომგებიანია და აქტივების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სხვა დარგებთან შედარებით ლიდერობს. როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად, უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ იმართება. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) – წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე