ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ქალთა ჯანმრთელობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ქალთა განათლება და ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე, ექიმების რეკომენდაციები, პაციენტების ისტორიები და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი სკრინინგ აქციების შესახებ. ყოველწლიურად მსოფლიოში ძუძუს კიბოს დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რაც ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.
საქართველოში კი ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციულ გამოკვლევებს.