ფილიპინებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს და სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავრორას პროვინციაში, აღმოსავლეთ ქალაქ დინალუნგანში, სუპერტაიფუნის სახით „ფუნგ-ვონგის“ ხმელეთზე მოხვედრამდე, მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე მოძრაობს და პროგნოზით, ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტაივანისკენ გადაინაცვლებს. ავრორას ვიცე-გუბერნატორმა განაცხადა, რომ მეწყერისა და დაზიანებული გზების გამო სულ მცირე სამი ქალაქი მიუწვდომელია. სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებლის ინფორმაციით, ტაიფუნის გამო, კვირიდან 400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.