ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივმართო მონაწილეებს, როგორც ჩვენი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, დაკავშირებადობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა საპარლამენტო განზომილებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი ექვსი თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარებაზე, რომელიც მწვანე ენერგიით მოამარაგებს ევროკავშირს, ასევე ინტერნეტის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ახალი კაბელის გატანა და ა.შ.
„ეს მხოლოდ ნაწილი არის იმ ფუნქციისა, რომელსაც საქართველო და მთლიანად კავკასიის რეგიონი ამ მხრივ კისრულობს იმისთვის, რომ ევროკავშირი და აზია დააკავშიროს ერთმანეთთან. ასე რომ, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ დღეს არსებული სიტუაციით, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ეს პერსპექტივები კიდევ უფრო გაძლიერდა, რომ რეგიონმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ევროპასა და აზიის დაკავშირების მხრივ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება ხსნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად რეგიონისთვის, რომელიც არამხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციასთან არის კავშირში, რაც ყველასთვის საკმარისი ტვირთი იქნება.
„ეს მნიშვნელოვანია კონკურენციის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები იყოს შეთავაზებული გადამზიდველებისთვის და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფანი, კონკურენცია ამას მხოლოდ ზრდის. და მეორე, ეს თავისთავად არის გზავნილი რეგიონის სტაბილურობასთან დაკავშირებით, რაც ყველა სხვა სახის, როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის სახის ინვესტიციებს, ასევე, ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში სხვადასხვა სექტორში. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას, რომელიც მთლიანად რეგიონისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.