თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს დაკავებული ათივე პირი. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის განმარტებით, კვლავ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატების დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმა.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.
გამოძიება პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს, ირაკლი შაიშმელაშვილსა და კიდევ 5 პირის: ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძესა და თორნიკე მჭედლიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.
ასევე წარდგენილი აქვთ ბრალდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
