საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში გაიმართა სახელოვანი ქართველი მოქანდაკის - გიორგი შხვაცაბაიასთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად დაემთხვა ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას.სწორედ ოლიმპიის მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრშია აღმართული გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი.“
ეს მოხდა 1992 წლის 5 ივნისს, ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების დღეს, ახალდაარსებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით და ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებით.
33 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ოლიმპიის მერიამ, ქართველი სკულპტორის ღვაწლის და მაღალი ხელოვნების აღიარების ნიშნად, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შხვაცაბაიასთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.
შხვაცაბაიას შესაბამისი რეგალიები გადასცა ოლიმპიის მერმა არისტიდის პანაიოტოპულოსმა.
