საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით შსს აკადემიას უფლება მიენიჭება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, განახორციელოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველად შეიქმნება და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის.
პროგრამის განხორციელების შედეგად, საპოლიციო სისტემას ეყოლება ბაკალავრის დიპლომის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის, სრულყოფილი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები, მესაზღვრე-კონტროლიორები, მესაზღვრეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას ან/და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი; სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება; გარდა ამისა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით; ამასთან, აკადემიის სტუდენტებს, სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
