სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის

26 სექტემბერი 2017, 00:00 3013 ნახვა

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან სამართალდარღვევა არ დაადგინა. საქმე ეხება კახა კუკავას სარჩელს, რომელიც ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უკავშირდება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პირველმა არხმა გაავრცელა.

ამ წუთებში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. დღეს აჭარის ტელევიზიის მისამართით შედგენილ ორ ოქმზე იმსჯელებენ.

ტელევიზიის იურისტის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის მიმართ ოქმი ერთი და იგივე ბრალდებითაა შედგენილი. მალხაზ ბოლქვაძის განმარტებით, "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს"  პოლიტიკური სარეკლამო რგოლი კომერციული შინაარსის იყო, სადაც დასახელებული იყო და კადრში ჩანდა ერთ-ერთი მედიკამენტი.  მაუწყებელმა პარტიას წამლის სარეკლამო ნაწილის ამოღების მოთხოვნით წერილობით მიმართა, რადგან მსგავსი შინაარსის რგოლი ეთერში ვერ გავიდოდა.

პარტიამ კი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა.  უწყებამ მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლით ისარგებლა და აჭარის ტელევიზიას მიმართა, რომ ის სარეკლამო რგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის, ვალდებულია რეკლამა ეთერში განათავსოს. ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელი სრულად პასუხისმგებელია რეკლამაზე, რომელიც საეთერო ბადეშია.

დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთ საკითხს  განიხილავენ. საქმე ეხება  8, 12  და 13 სექტემბერს მაუწყებლის ეთერში გასულ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკურ რეკლამას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ბრალდებით, ვიდეო რგოლს - “უფასო პოლიტიკური რეკლამა” არ ეწერა. ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ 14 სექტემბერს დაშვებული შეცდომა უკვე გამოსწორებული იყო, ხოლო ოქმი 19 სექტემბერს შედგა. მისივე თქმით, ამით არცერთი სუბიექტის უფლება არ ირღვევა, რადგან სარეკლამო ბლოკის დაწყებამდე მაყურებელი ინფორმირებულია, რომ სარეკლამო რგოლში უფასო პოლიტიკური რეკლამაა განთავსებული.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციული სახდელისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 

ამავე კატეგორიაში