ორი მცირეწლოვანით ღია ცის ქვეშ

29 ივლისი 2018, 00:00 2212 ნახვა

ხანძარი ე.წ. ოცნების ქალაქში. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე კაკაბაძეების  საცხოვრებელი   დაიწვა. ხანძრის დროს შენობაში, რომლის პირველი სართული ქვით, ხოლო მეორე ხით იყო ნაგები, ოჯახის დიასახლისი  ორ მცირეწლოვანთან  ერთად   იმყოფებოდა. მათ შენობიდან დროულად გამოსვლა მოახერხეს, საყოფაცხოვრებო ნივთები  მთლიანად დაეწვათ.   ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებისგან გაჩნდა, ზუსტ მიზეზს კი  გამოძიება დაადგენს.  

ხანძარს ოთხი სახანძრო ბრიგადა ნახევარი საათი ებრძოდა.  ე.წ. ოცნების ქალაქი მჭიდრო დასახლებაა და იქ შენობების ნაწილი ხისაა.  ყოფილი სამხედრო ბატალიონის  ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა დღეს ერთ-ერთ სახლთან კედელი ჩამოანგრიეს, რადგან სახანძრო მანქანას ცეცხლის კერამდე მისვლა გაუჭირდა.  ამ  ადგილას ხის ფიცრულები  2012 წლიდან გაჩნდა. მოსახლეობამ ტერიტორია თვითნებურად დაიკავა. იმის გამო, რომ  საცხოვრებლები კერძო საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული ,   ვერც აბონენტებად რეგისტრირებას ახერხებენ. ე.წ. ოცნების ქალაქში ინფრასტრუქტურაც მოუწესრიგებელია. მოსახლეობა ხელისუფლებისგან  დახმარებას  ითხოვს და  აჭარის მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აჭარის რადიოს გადაცემა“კომპეტენტურ პასუხში” განაცხადა, რომ ე.წ. “ოცნების” ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. თორნიკე რიჟვაძე პროცესში კერძოს სექტორის ჩართვას გეგმავს და  მიაჩნია, რომ დროა საკითხის კომისიური წესით შესწავლისგან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში