''ევროპული საქართველო'' მიიჩნევს, რომ უშუქობის გამო ბეშუმში სეზონი ჩავარდა

11 აგვისტო 2018, 00:00 1423 ნახვა

უშუქობის გამო ბეშუმში საკურორტო სეზონი ჩავარდა - განცხადებას “ევროპული საქართველო“ აკეთებს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ელექტრომომარაგებაში შეზღუდვების გამო დამსვენებელთა ნაწილი ბეშუმს ტოვებს. რაულ თავართქილაძის მტკიცებით, დენის გრაფიკით მიწოდების გამო დაზარალდნენ მეწარმეებიც.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დღეს “ენერგო პრო  ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალთან განცხადება გააკეთეს. ისინი კომპანიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, მომავალი წლიდან კი ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყოს. მათივე განცხადებით, ბეშუმში დენის საფასური გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობაზე არ არის დამოკიდებული და ყველა ოჯახს 70 ლარის გადახდა უწევს. იმის გამო რომ ენერგომომარაგებაში შეზღუდვები იყო ისინი ამ გადასახადის გაუქმებას მოითხოვენ.  

“ენერგო პრო  ჯორჯიას“ განცხადებით - ''ბეშუმში არსებული ქსელი ენერგო პრო ჯორჯიას საკუთრებას არ წარმოადგენს და არ არის კომპანიის სადისტრიბუციო არეალი,შესაბამისად კომპანიას პასუხისმგებლობა არ გააჩნია აღნიშნულ ქსელზე, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტექნიკური პერსონალი გამონაკლისების რეჟიმში შეძლებისდაგვარად საჭირო ღონისძიებებს გაატარებს, რათა სიტუაცია გამოსწორდეს.რაც შეეხება ტარიფს , კომპანია რაიმე სახდელის რაოდენობას მოსახლეობას არ უწესებს.''

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში