საზღვაო სექტორში კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში იმუშავებენ  - პრემიერი

13 სექტემბერი 2018, 00:00 1786 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.  მამუკა ბახტაძემ რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმოვანა. მისი თქმით,  საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიები, მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, კომპანიები ამ სექტორში მუშაობას, ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ.

''ჩვენ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი - კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი

საერთაშორისო საზღვაო ფორუმში 53 ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე ქვეყანასთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმსაც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში